“სამი ახალი ინიციატივა ისეთივე მასშტაბური და ნოვატორულია, როგორც აქამდე ინიცირებული რეფორმები”

“მინდა, ახალი ინიციატივები წარმოვადგინო, რომელიც მნიშვნელოვან დამატებით ჟანგბადს აძლევს განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს. სამი ახალი ინიციატივა ნამდვილად ისეთივე მასშტაბური და ნოვატორულია, როგორც აქამდე ინიცირებული რეფორმები”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ფინანსთა სამინისტრომ სულ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ ამცირებს საგადასახადო ტვირთს. ეს იყო უპრეცენდენტო ნაბიჯი საგადასახადო ლიბერალიზაციის მიხედვით. დღეს კი მინდა, ახალი ინიციატივები წარმოვადგინო, რომელიც ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვან დამატებით ჟანგბადს აძლევს განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს. სამი ახალი ინიციატივა ნამდვილად ისეთივე მასშტაბური და ნოვატორულია, როგორც აქამდე ინიცირებული რეფორმები. პირველი ინიციატივით, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და ნაცვლად ხუთი საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება. ამით ჩვენს მეწარმეებს მოეხსნებათ უზარმაზარი ბიუროკრატიული ტვირთი, რომ დოკუმენტთბრუნვაში არ დახარჯონ იმდენი რესურსი, რამდენსაც დღეს ხარჯავენ; მეორე – ჩვენი პრიორიტეტია, საქართველოში მოხდეს ეკონომიკური ზრდა, რაშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული ჩვენი მოსახლეობის ყველა ფენა, განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიანი. სულ არის განცდა, რომ როდესაც მაგალითად, მთიან რეგიონებში იხსნება სასტუმროები, თუ ახალი სავაჭრო წერტილები, იქ ნაკლებად ხვდება ადგილობრივი პროდუქცია და ძალიან ხშირად პროდუქციის ჩატანა ხდება თბილისიდან თუ სხვა რეგიონული ცენტრებიდან. ამიტომ იმისათვის, რომ წავახალისოთ შესყიდვები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ნაწარმოები კვების პროდუქტებზე, მაქსიმალურად ვამარტივებთ პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმებისგან, როგორც საგადასახადო, ასევე პროცედურული კუთხით. მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით მთიან რეგიონში ევროპაში ძალიან ხშირად გვხვდება ადგილობრივი ნაწარმი. სწორედ ეს არის მომხიბლავი, როდესაც ადამიანები მიდიან მთაში დასასვენებლად, მათ უნდათ, იქაური პროდუქცია დააგემოვნონ. სამწუხაროდ, ის საგადასახადო გარემო, რომელიც დღემდე ჩვენ გვქონდა, ამის საშუალებას არ იძლეოდა და მე მინდა მადლობა ვუთხრა ფინანსთა მინისტრს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წარმოადგინა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ეს არის ასევე საუკეთესო ევროპული პრაქტიკაც.
რაც შეეხება მესამე ინიციატივას, პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას გულისხმობს.
„ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები ჩვენს ქვეყანაში, გახსნან ანგარიშები ჩვენს საბანკო სისტემაში, ასევე, ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ კომპანიის მართვა ფიზიკურად მათი აქ ყოფნის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შემოსავლის წყარო ჩვენი ქვეყნისთვის და საშუალებას მოგცემს, კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები