YouTube-ის სათაო ოფისს ქალი თავს დაესხა – არიან დაჭრილები
კალიფორნიის ქალაქ სან-ბრუნოში მდებარე YouTube-ის სათაო ოფისში შეიარაღებული ქალი შეიჭრა და სროლა დაიწყო, რის შედეგადაც, ოთხი ადამიანი დაიჭრა.
ამერიკული მედიის ცნობით, ის ამ პლატფორმის მომხმარებელი ნასიმ აგდამია, რომელმაც შენობაშივე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
ერთ-ერთი დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. წინასწარი ცნობით, მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არა აქვს. ნასიმ აგდამმა YouTube-ზე თავისი მანიფესტი გამოაქვეყნა, სადაც ამ პლატფორმის მუშაობით გაბრაზებას გამოხატავდა. ის ხშირად ათავსებდა სხვადასხვა სახის ვიდეოებს, თუმცა პოპულარობით არ სარგებლობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გამოხატა წუხილი და თანადგომა ყველა დაჭრილის მიმართ. მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ სამართალდამცველებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე თავდაუზოგავად მუშაობენ.