„Scope Ratings”-მა სს „ქართული ლუდის კომპანიას“ „BB-“, ხოლო ობლიგაციებს „BB“ საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Scope Ratings GmbH” -მა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ ბიზნეს რისკის მიხედვით „BB-“, ხოლო ფინანსური რისკის მიხედვით „BB“ რეიტინგი მიანიჭა. აღნიშნული რეიტინგის მინიჭების მიზეზი „ქართული ლუდის კომპანიის“ ეკონომიკურად სტაბილური და მზარდი წარმოება, დივერსიფიცირებული პორტფელი, ბაზრის წილი და ძლიერი საბალანსო უწყისი გახდა, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.
რეიტინგის მინიჭებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ექსპერტმა სს „ქართული ლუდის კომპანია“ დადებითად შეაფასა და კომპანიის ბიზნესის სტაბილურობა და ფინანსური მდგრადობა აღიარა. აღნიშნული რეიტინგი საშუალებას მისცემს კომპანიას, გამოუშვას ლარის საჯარო ობლიგაცია, რაც დადებითი მოვლენაა როგორც კომპანიის, ასევე საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.
რეიტინგის მიღებისა და ობლიგაციების გამოშვების პროცესის წარმართვაში სს „ქართული ლუდის კომპანიას“ „თიბისი კაპიტალი“ (თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია) ეხმარება.
ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ბაზარზე 2011 წლის 3 ივნისს დარეგისტრირდა და რეკორდულ ვადებში – 9 თვეში ბაზარზე წარადგინა ზედაზენის პირველი პროდუქცია. „ქართული ლუდის კომპანია“ უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ქარხანა მთლიანად აღჭურვილია ევროპის მოწინავე მწარმოებლების დანადგარებითა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს ზედაზენის პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და მსოფლიო სტანდარტებს.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ წამყვანი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ ასეთი მაღალი შეფასება დიდი წარმატებაა, რადგან რეიტინგი შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან სუვერენულ რეიტინგს და ამავდროულად, ასახავს საერთაშორისო ექსპერტების ნდობას კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისადმი.
„„ქართული ლუდის კომპანია“ ერთ-ერთი პირველია ქართულ კერძო კომპანიებს შორის, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მოიპოვა. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ მიღებული „BB” რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც ქვეყანაში მოქმედ, ადგილობრივ კერძო კომპანიებს მიუღიათ. აღნიშნული კომპანიის საქმიანობისა და სტაბილურობის მიმართ ექსპერტების მაღალი სანდოობის გამოხატულებაა და ადასტურებს იმას, რომ „ქართული ლუდის კომპანია“ სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს – როგორც წარმოებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხით, ასევე ბიზნესის მოწყობისა და მართვის მხრივ. კომპანიაში, ამ საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრაციით, გაიზრდება ხელმისაწვდომობა კაპიტალის ბაზრებზე, გაიზრდება ინვესტორების ინტერესები, რაც ხელს შეუწყობს ახალი პროექტების წამოწყებას და ქართული ეკონომიკის უფრო მეტად გაძლიერებას.“ – განაცხადა ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.
„თიბისი კაპიტალის“ დირექტორის, ირაკლი ელაშვილის თქმით, „თიბისი კაპიტალი“ „ქართული ლუდის კომპანიასთან“ თანამშრომლობის გაგრძელებით მოხარულია. მისივე განმარტებით, საკრედიტო რეიტინგი და მოსალოდნელი ლარის ობლიგაცია კომპანიას ბევრ ახალ შესაძლებლობას შეუქმნის და მისცემს საშუალებას, თავი დაიმკვიდროს ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, როგორც საჯარო ქართულმა კომპანიამ.
ცნობისთვის, Scope Ratings GmbH საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით, ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში, ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო სააგენტოა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა აკრედიტებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები