ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს: გამოვდივარ, „ფეისბუქსასამართლოს“ წინააღმდეგ

ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილი დირექტორი ზვიად დევდარიანი, მის წინააღმდეგ აგორებული სკანდალის გამო, სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.
როგორც ზვიად დევდარიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
ამასთან, იგი საკუთარ ოჯახს და განსაკუთრებით შვილებს ბოდიშს უხდის, რომლებმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხი განიცადეს.
„უკანასკნელი ორი კვირა ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაზე რთული, ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა არამარტო ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი ოჯახისთვის. ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ამ დღეებში ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ. რისთვისაც, პირველ რიგში მათ ვუხდი ბოდიშს. მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს. მზად ვარ ვითანამშრომლო შს სამინისტროსთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან. ამასთან, მზად ვარ, ჩემი სიმართლე ვამტკიცო სასამართლოში. მზად ვარ ვიდავო ჩემი პატივის, ღირსების და ჩემი შვილების უფლებების ფაქტზე. მზად ვარ ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და ჩემი პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი ერთადერთი მიზანი არის, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე. მე გამოვდივარ, იმ „ფეისბუქსასამართლოს“ წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან”. – განაცხადა დევდარიანმა.
ამასთან, იგი საზოგადოებას პირდება, რომ სამართლიანი ბრძოლის დასრულების შემდეგ, აუცილებლად მიაწვდის ინფორმაციას, თუ ვის სურდა მისი „გზიდან ჩამოშორება“.
ცნობისთვის, “სიდას“ უკვე ყოფილი დირექტორი, ზვიად დევდარიანი, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა. მოგვიანებით, „ქალთა მოძრაობამ“ ზვიად დევდარიანი ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მოძრაობამ პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართა, რომ პარლამენტმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი – ზვიად დევდარიანი არ აირჩიოს. დევდარიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარ კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები