თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახურს 70 ახალი ავტომანქანა დაემატება (ფოტოკოლაჟი)
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრს 10 ახალი ავტომანქანა დაემატა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომავალ წელს, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს 70 ახალი ავტომანქანა დაემატება.
მისივე თქმით, მომავალ წელს ავტოპარკი მთლიანად განახლდება.
“თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრს დაემატა 10 ახალი ავტომანქანა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 70 ახალი ავტომობილის შესყიდვა. ეს კეთდება სერვისის გაუმჯობესებისთვის. ვისურვებდი, რომ არასდროს არავის დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის გამოძახება, თუმცა, სერვისი უნდა იყოს მაღალ დონეზე ამ მიმართულებით”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს “ფიატის” მარკის 10 ახალი ავტომანქანა შეემატა.
ახალი ავტომობილები აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობით და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
დღეისთვის თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სამედიცინო წესით აღჭურვილ 97 სპეცმანქანას ითვლის.