გიორგი კვირიკაშვილი: კახეთში, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები გაიხსნება
„კახეთი მდიდარია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელთა დაცვა ჩვენი ვალია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მონაწილეებს ის სამუშაოები გააცნო, რომელიც აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება.
მისი თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ უჯარმის ჯვარპატიოსნის ეკლესიას, ასევე დავით-გარეჯის დოდოს რქის გუმბათიან ეკლესიას. პრემიერის განცხადებით, ფონდი „ქართუს“ ხელშეწყობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გურჯაანის სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას; ასევე, გურჯაანის სოფელ სანაგირეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიასა და ლაგოდეხის მაჭის ციხეს.
„რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თითქმის დამთავრებულია თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის შენობა. საერთო ღირებულებაა 1 200 000 ლარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა „თელავის ისტორიულ მუზეუმს“ და ბატონის ციხის კომპლექსში შემავალ ერეკლე II სასახლეს. მუზეუმი გაიხსნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენით.
დაგეგმილია უჯარმის ციხე-ქალაქისა და „ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის“ რეაბილიტაცია.
დასასრულს უახლოვდება თელავში მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა გათვლილი. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, ხოლო პატარა – 500 მაყურებელს. წელს სწორედ ეს სასახლე უმასპინძლებს ხელბურთის ჩემპიონატს. დაახლოებით 10 მლნ დოლარი იხარჯება თელავის სპორტის სასახლის მშენებლობაზე“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, კახეთში საერთაშორისო სტანდარტების რაგბის ბაზას ფონდი „ქართუ“ აშენებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ტურიზმის განვითარება რეგიონისთვის მთავარი პრიორიტეტია. – „კახეთს ნამდვილად აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი“.
„წელს გაიხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები: “რედისონი წინანდალი“, ,,ჰოლიდეი ინი თელავი“; 2019 წელს კახეთს შეემატება სასტუმროები „გოლდენ ტიულიფი“ და ,,ვილა გოდოლი“. ახალი სასტუმროების გახსნის შედეგად კახეთის სასტუმრო ობიექტებს 640 საწოლ-ადგილი დაემატება, რაც გაზრდილი ტურისტული ნაკადისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კახეთში ასევე დაგეგმილია ათეულობით პატარა კერძო შატოს და მარანის, მცირე ჰოსტელების და სასტუმროების მშენებლობა, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის“,- განაცხადა საქართველოს პრემიერმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.