მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდმა (UK Good Governance Fund/GGF) მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების პროექტის პრეზენტაციას უმასპინძლეს. შეხვედრაზე, ასევე, გაიმართა დისკუსია ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დანერგვის, პოტენციური სარგებლისა და ძირითადი მოთამაშეების შესახებ.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, იური დოლიძემ და ბრიტანეთის საელჩოს რეგიონული  პორტფოლიოს ხელმძღვანელმა, ბენ ლუკოკმა მიმართეს.

პრეზენტაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური დახმარების პროექტის – „ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების გაუმჯობესება მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

პროექტი ფინანსური ანგარიშგების ახალი, გამარტივებული სტანდარტის შემუშავებას ითვალისწინებს, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურმა მიმდინარე წლის 1 ივლისამდე უნდა დაადგინოს.

მთავარი სარგებელი, რასაც ზემოაღნიშნული სტანდარტის დანერგვა მოუტანს მეოთხე კატეგორიის საწარმოებს: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა; ბიზნესის შემდგომი განვითარება; ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ზრდა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

ღონისძიება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით გაიმართა.

პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, საქართველოში მოქმედი ბანკების, პროფესიული ასოციაციების, აკადემიური ინსტიტუტების, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მეოთხე კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლები  დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები