მამუკა ბახტაძემ ახალი საგადასახადო ინიციატივა ზუგდიდში წარადგინა

ზუგდიდში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში საგადასახადო თვალსაზრისით. ხუთჯერ მცირდება გადასახადი 5%-დან 1%-მდე მაშინ,  როდესაც ხუთჯერ იზრდება ზღვარი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.  სამეგრელოს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, იმისთვის რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმა ძალიან კარგად გამოიყენოს. ჩვენ მნივშნელოვან  პროგრესს ვხედავთ სამეგრელოში ტურიზმის ზრდის კუთხით, ასევე, სამეგრელოში ხორციელდება ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში – ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის სახით, სადაც მე იმედი მაქვს, საშულება იქნება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს თავისი პოტენციალის რეალიზება.  ვფიქრობთ, რომ  ის შეხვედრები, რაც ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავმართეთ,  იყო ძალიან ნაყოფიერი იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაგვეხვეწა ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი რეფორმა”, – განაცხადა  მამუკა ბახტაძემ.

ახალი საგადასახადო ინიციატივა დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს, რომელიც 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.

ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტადჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

პრეზენტაციაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში, კერძო სექტორის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნენ საგადასახადო კოდექსში მომზადებულ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე იხილება საპარლამენტო კომიტეტებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები