საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირლანდიის დედაქალაქში იმყოფება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ვიზიტად იმყოფება, რომლის ფარგლებშიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირლანდიის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით წარდგება.
სოფიო ქაცარავა გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ირლანდია-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ირლანდიის პარლამენტის და სენატის თავმჯდომარეებთან, საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის, ასევე, ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებთან და წევრებთან. ოფიციალური ღონისძიების ფონზე დაარსდება საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც სოფიო ქაცარავას ინიციატივის საფუძველზე შეიქმნება.
ვიზიტის მიზანია ორმხრივი საპარლამენტო კავშირების გამყარება და ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაძლიერება, როგორიცაა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, განათლება, ხალხთა შორისი ურთიერობები და კულტურა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან გიორგი კახიანი, გიორგი მოსიძე და სერგი კაპანაძე.