პრემიერი: კახეთს შეემატა აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაწყობილი ულამაზესი სასტუმრო (ფოტოკოლაჟი)

„დღეს ძალიან სასიხარულო დღეა. ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კახეთს, შეემატა აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაწყობილი ულამაზესი სასტუმრო – „ახაშენი ღვინის კურორტი”. ამ სასტუმროში 7 მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ერთობლივად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ, პროგრამა – „აწარმოე საქართველოში”, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროგრამისა და „საქართველოს ბანკის” თანადაფინანსებით. ამ პარტნიორობით შეიქმნა ეს ულამაზესი სასტუმრო-კომპლექსი, დედამიწის ამ ულამაზეს ადგილას, ალაზნის ველის და ფაფრის მინდვრების მიკროზონაში, ულამაზესი ხედით კავკასიონის მთებზე.
მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციის შედეგად, შეიქმნა ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი, მაგრამ გვერდითი ეფექტები ამ ინვესტიციებისა გაცილებით უფრო დიდია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტის” გახსნაზე განაცხადა, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახალშენში მდებარეობს.
პრემიერ-მინისტრმა „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობას” (KTW) და პირადად ზურაბ ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა მევენახეობის მიმართულებით განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციებისთვის და კომპანიის დამფუძნებლების მოღვაწეობა მამულიშვილურ საქმედ შეაფასა. მისივე თქმით, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, გასული წლის განმავლობაში, საქართველოში ტურისტების რიცხვი 28 %-ით გაიზარდა და არსებობს პოტენციალი, რომ 2025 წლამდე, არსებული მონაცემები გასამმაგდეს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება – გაუმჯობესდება ცხოვრების დონე და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
„მევენახეობის მიმართულებითაც კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა” ახორციელებს უზარმაზარ ინვესტიციებს და მინდა, ბატონ ზურაბ ჩხაიძეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ მამულიშვილური საქმისთვის, რომელსაც ის აკეთებს არა მარტო აქ, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან სასიხარულოა, რომ კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში. მოთხოვნა ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე, გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. მხედველობაში მყავს ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან და შეგვიძლია ასეთი რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მართლაცდა, სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმების დონე და ქვეყნის ვიზუალური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს”, -აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება უშუალოდ კახეთის რეგიონის სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა.
„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ხორციელდება ძალიან მსხვილი ინვესტიციები. ჩვენ უკვე შევთანხმდით კერძო ინვესტორებთან ერთად, რომ აქ დაფუძნდება სპეციალური პროგრამები. ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, რომ როგორც შვეიცარიაშია „ვერბიეს ფესტივალი”, წინანდლის ბაზაზე ვაპირებთ, რომ ზუსტად ასეთი სასწავლო, სამუსიკო, კონკრეტულად კლასიკური მუსიკის მიმართულებით რეგიონული მასშტაბის პროგრამა დავაფუძნოთ, სადაც მომზადდებიან ახალგაზრდები. ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნის ჩართულობით, ყოველწლიური,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუშეთი და კახეთი ცალ-ცალკე არ უნდა იქნას განხილული და ყურადღება ახალი გზის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც თბილისიდან თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის ხანგრძლივობას სამჯერ შეამცირებს.
„რა თქმა უნდა, თუშეთი და კახეთი არ შეიძლება ცალ-ცალკე განვიხილოთ. მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თბილისიდან სამჯერ შევამციროთ საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობა თუშეთის მიმართულებით. ეს ყველაფერი ერთიანობაში, მოიტანს გაცილებით უფრო მაღალ დინამიკას და რა თქმა უნდა, ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ამ რეგიონში“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში”, DCFTA -სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის” თანადაფინანსებით აშენდა. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამასთან, „ახაშენი ღვინის კურორტი” ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები