ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 24-28 მარტს, ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების მუშაობაში 140-მდე ქვეყნის 80-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის, 65 სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. ასამბლეის მთავარი თემაა „გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის: საფუძვლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება”.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასამბლეას სიტყვით მიმართავს და ამ გამოწვევაზე ისაუბრებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჟენევაში შეხვედრებს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტთან, გაბრიელა კუევას ბარონთან და გენერალურ მდივანთან, მარტინ ჩუნგონგთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი – გივი მიქანაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრებს დაესწრება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები -ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც პარლამენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თავდაცვისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, რაც საპარლამენტო დემოკრატიისა და განვითარების არსებითი ფაქტორია.

საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) 178 წევრ და 12 ასოცირებულ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. ასამბლეაზე შეკრებილი წევრი ქვეყნების დელეგაციები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები