ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით ვაჭრობის ორგანიზება ლიცენზირებული საქმიანობა გახდა, შესაბამისად, უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმით ვაჭრობის ორგანიზების უფლებამოსილება მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს მიეცათ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 იანვარს ძალაში შესული კანონის შესაბამისად, “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც, საბროკერო კომპანიის საქმიანობას დაემატა უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზების გაწევა.

ცვლილების შედეგად, სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით ვაჭრობის ორგანიზება გახდა ლიცენზირებული საქმიანობა და დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმით ვაჭრობის ორგანიზების უფლებამოსილება მიეცათ მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.

ამასთან, პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებიდან საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით ახორციელებენ, ვალდებული არიან, ა/წ 11 აპრილიდან ფლობდნენ ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიას.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოებები“,- ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები