პროკურატურამ მსჯავრდებულები გაამართლა, დაზარალებულ კომპანიას კი ბიზნესი დაუბრუნა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის მარტში, სააპელაციო სასამართლომ ორი მსჯავრდებულის – გიორგი ბებუას და ბაკურ იზორიას  მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად კი შპს “ბუნება 2005”-ს უკანონოდ ჩამორთმეული წყლის მოპოვების ლიცენზია დაუბრუნდება.

საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულების – გიორგი ბებუას და ბაკურ იზორიას საქმეებზე შემოტანილი საჩივრების საფუძველზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც  მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, დაიკითხნენ ახალი მოწმეები,  ჩატარდა დამატებითი ექსპერტიზა, გამოირკვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა გიორგი ბებუას და ბაკურ იზორიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

გიორგი ბებუა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც კუდ-ის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების გამო დააკავეს ქრთამის აღების ცრუ ბრალდებით.  კერძოდ,  2010 წლის 25 ოქტომბერს, ღამის საათებში გიორგი ბებუა დაიბარეს კუდ-ში, სადაც მის მიმართ რამდენიმე საათის განმავლობაში ხორციელდებოდა ზეწოლა კუდ-ის მაღალჩინოსნების მხრიდან, რომ თითქოს იგი საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კერძო კომპანიის მფარველობის სანაცვლოდ იღებდა დიდი ოდენობით ფულად გასამრჯელოს.

საბოლოო ჯამში, სამუდამო პატიმრობითა და საპატიმრო დაწესებულებაში აუტანელი პირობების შექმნის მუქარით იგი იძულებული გახდა ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. გიორგი ბებუამ საპატიმრო დაწესებულება მხოლოდ 2012 წელს, პრეზიდენტის შეწყალების აქტით დატოვა.

რაც შეეხება შსს-ს ყოფილ თანამშრომელს ბაკურ იზორიას, იგი დამნაშავედ იყო ცნობილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას დაუსწრებლად  5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2009 წლის აპრილში, ბაკურ იზორია და მისი მეგობრები, ჩხოროწყუს გზაზე გასწრების მიზნით ავტომანქანებით სწრაფად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანამ დაკარგა კოორდინაცია, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ელექტროგანათების ბოძს, რასაც მძღოლის გარდაცვალება მოჰყვა. საქმეზე იმჟამად ჩატარებული არასრულყოფილი და ცალმხრივი გამოძიების შედეგად ბაკურ იზორია მიჩნეულ იქნა ბრალეულ პირად, რასაც მისი მსჯავრდება მოჰყვა.

ახალი გამოძიების პირობებში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც სრულიად გამოირიცხა ბაკურ იზორიას ბრალეულობა მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში.

ხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და ორივე მსჯავრდებული უდანაშაულოდ ცნო.

ამ დროისთვის დეპარტამენტს სულ 54 უკანონოდ გასამართლებული მსჯავრდებულის მიმართ აქვს განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებული, საიდანაც 20 მათგანის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აგრძელებს ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტების გამოძიებას და დაზარალებული მოქალაქეებისთვის ქონების დაბრუნებას.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლიდან მოყოლებული ,,შპს ბუნება 2005–ს“ საკუთრებაში ჰქონდა დმანისის რაიონში წყლის მოპოვების ლიცენზია. კომპანია ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მილსადენებით ბოლნისის წყალკანალს წყლით ამარაგებდა.

2009 წელს ზემოაღნიშნული მომგებიანი ბიზნესი ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა, რის გამოც დაიწყო კომპანიის მეწილეებზე ზეწოლა და მათთან დაკავშირებული პირის გრიგოლ ლომთაძის უსაფუძვლო დაბარება სახელმწიფო სტრუქტურებში. სამართალდამცავების, ეკონომიკის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსნების ერთობლივი მოქმედების შედეგად, 2009 წლის შემოდგომას გრიგოლ ლომთაძე, რომელიც იყო კომპანიის ყოფილი მეწილე და იმჟამინდელ მფლობელებთან დაახლოებული პირი, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიიყვანეს ეკონომიკის სამინისტროში, სადაც მას მეწილეების სახელით მოაწერინეს ხელი და გაყალბებული ჩუქების ხელშეკრულებით ლიცენზია კომპანიას ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს, რის შედეგადაც კომპანიამ შეწყვიტა თავისი საქმიანობა.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, კომპანია დაიბრუნებს უკანონოდ ჩამორთმეულ წყლის მოპოვების ლიცენზიას.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად,  დაზარალებულად ცნობილ 152  პირს დაუბრუნდა დაახლოებით 44 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი,  სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები