საქართველოს დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, უილიამ ჰეიგი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან გამართავს. ჩიქოვანი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტს აფასებს და განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ევროპული დიდი სახელმწიფოები საქართველოს მიმართ ასეთ ყურადღებას იჩენენ.
„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები არის უმაღლეს დონეზე დაგეგმილი. ის აუცილებლად შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავს მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს და იმ პროცესების მიმართ, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, კერძოდ კი, ჩვენი ევროინტენგრციის პროცესი და ასევე ნატოს სამიტი“, – აღნიშნავს ირაკლი ჩიქოვანი.
საქართველოში უილიამ ჰეიგი უკრაინიდან ჩამოვა, სადაც ქვეყანაში არსებული კრიზისისა და მისი დარეგულირების გზების განსახილველად იმყოფება. კიევში ჩასვლისთანავე უილიამ ჰეიგმა განცხადება გააკეთა და რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჟენევის შეთანხმების დარღვევაში. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინა, თავის მხრივ, შეთანხმების ყველა პირობას იცავს.