ზვიად გამსახურდიას ოჯახის წინაშე სახელმწიფოს ვალდებულებებს მთავრობა შეისწავლის
საქართველოს მთავრობა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წინაშე არსებული სახელმწიფო ფინანსური ვალდებულებების საკითხს შეისწავლის. პრეზიდენტის მეუღლემ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ 2 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა მის წინაშე არსებული სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების საკითხის შესწავლა.
პრემიერ-მინისტრის 5 მაისის ბრძანებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადებაში მითითებული საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. სამუშაო ჯგუფს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე უხელმძღვანელებს. მასში ასევე შედიან: მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვა სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს.