ირაკლი სესიაშვილმა პრემიერის განცხადებას თამამი და გაბედული ნაბიჯი უწოდა

“ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ იმას, რაც პრემიერმა თქვა. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო თამამი და გაბედული ნაბიჯი. პირველ რიგში, ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც ოკუპაციას და ვერც იმ მოცემულობას, როცა კონფლიქტის მოგვარებისთვის სივრცე არ არსებობს, რომ პრობლემა გადაწყდეს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციიდან მიღებულმა პასუხმა დიალოგისთვის ღია სივრცე დატოვა.

სესიაშვილის თქმით, დღევანდელი მთავრობა არაა ის ხელისუფლება, რომელიც არსებულ რეალობას შეეგუება.

“პრემიერმა გადადგა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯი. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, კომუნიკაციის საშუალება, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ და უზრუნველვყოთ. შეიძლება ეს ვიღაცას არ მოეწონა, განსაკუთრებით იმ ოპონენტებს, რომლებსაც თავის მხრივ, თავისი პოლიტიკური ცოდვები აქვთ და სურთ დაიცვან ის მოცემულობა, რომელიც თავად შექმნეს, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც ამ მოცემულობას შეეგუება, ნაბიჯები უნდა გადავდგათ. შეიძლება პოლიტიკურად იყოს არამომგებიანი, მაგრამ როცა საუბარია სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებამ დიალოგისთვის ღია სივრცე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები