პარლამენტში საჯარო ინფორმაციის მოდულისა და ვებგვერდის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. მობილური აპლიკაციისა და პარლამენტის ვებგვერდის საჯარო ინფორმაციის მოდულის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პარლამენტის საჯარო ინფორმაციის გაცნობა, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა და პარლამენტში შეკითხვების გაგზავნა.

ახალი ელექტრონული სერვისები, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის ღიაობასა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

ღონისძიება ირინა ფრუიძემ, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა.

„თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება საჯარო მმართველობის გაუმჯობესებაში არის ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება სწორედ არის საჯარო ინფორმაციის მოდულის შექმნა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება, მათ შორის, დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება”,- განაცხადა ირინა ფრუიძემ.

პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ორგანიზაციას და კერძო პირს, ვისაც წვლილი შეაქვს საქართველოს პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ყველა რეფორმას.

„დემოკრატია ევროკავშირის საკვანძო ღირებულება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საფუძველია. ახალი სისტემა პარლამენტის მიმართ ევროკავშირის ხელშეწყობის მაგალითია. იმედი მაქვს, რომ მისი მეშვეობით საკანონმდებლო პროცესი უფრო ღია და ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისათვის”,-განაცხადა ვინსენტ რეიმ.

პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ასევე გიგი ბრეგაძემ, UNDP-ის პროგრამული ნაწილის მოქმედმა ხელმძღვანელმა.

„პარლამენტი ძალიან აქტიურია ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით. საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში და არა მარტო რეგიონში, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, რომ ჩართულიყო ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. 2017 წლის გეგმის შესრულებაც, მეტწილად დიდი წარმატებით, სწორედ ამას მოწმობს. საქართველოს პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელმაც მისცა საშუალება  არასამთავრობო ორგანიზაციებს და თითქმის ყველა დაინტერესებულ პარტნიორს, რომ მონაწილეობა მიეღო ღიაობის გეგმების განვითარების პროცესში. ტექნოლოგიური წინსვლა, რომელიც პარლამენტს ექნება ამ პროდუქტების გადაცემის შედეგად, სწორედ ამ გეგმით აღებული ვალდებულებების ერთ-ერთი ნაწილია”,-განაცხადა გიგი ბრეგაძემ,

ლევან ავალიშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა ისაუბრა ახალი ელექტრონული სერვისების უნიკალურ ფუნქციებზე საკანონმდებლო პროცესის ღიაობისა და საჯარო ინფორმაციაზე მოქალაქეთა წვდომის გასაუმჯობესებლად.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა საქართველოს პარლამენტისათვის ახალი ტექნოლოგიების ოფიციალური გადაცემა და შესაბამის მემორანდუმზე ხელის მოწერა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთი უკლებამ, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები