კახა ბექაური: „ბილაინს“ გააქტიურებისკენ მოვუწოდებთ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, კომპანია „ბილაინს“ პირობას აძლევს, რომ არასამართლიანი კონკურენციისგან დაიცავს და მას გააქტიურებისკენ მოუწოდებს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის, კონკურენციის გაზრდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია „ბილაინის” გააქტიურება.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ „ბილაინსაც“ და ყველა კომპანიას დავიცავთ არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან, მაგრამ არ დავიცავთ იმისგან, რომ ინვესტიცია არ განახორციელონ ამ დარგში. მოვუწოდებთ „ბილაინს“ გააქტიურებისკენ, რადგან გვინდა, რომ ამ ბაზარზე მესამე სრულფასოვანი ოპერატორი არსებობდეს და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდოს. „ბილაინმაც“ უნდა მოახერხოს გაზრდა და ფიქსირებულ ბაზარზე შესვლა, ჩვენ ამაში მაქსიმალურად დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ“,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაურის განცხადებით, კომისია არის გარანტი, რომ კომპანიები არასამართლიან გარემოს ვერ შეუქმნიან ერთმანეთს, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია თავად კომპანიები განვითარებაზე და გაზრდაზე იყვნენ ორიენტირებული, რათა ბაზრის წილი არ დაკარგონ.
„თუ „ბილაინი“ ინვესტიციას არ გააკეთებს, კონკურენციაში არ შევა და არ იზრუნებს განვითარებაზე, საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, დაკარგავს ბაზრის წილს და თუ ხელს არ გაანძრევს, წააგებს კონკურენციაში. სხვა საფრთხე აქ არ დგას, მით უმეტეს იმის, რომ ვიღაცამ მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს ვინმეს წინააღმდეგ. ამისთვის კომისიას საკმარისი ბერკეტები გააჩნია“. – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები