„ახალგაზრდა ადვოკატები“: სააპელაციო სასამართლომ რამაზ ახვლედიანის მოთხოვნები ლისის ტბის წართმევის საქმეზე ხანდაზმულად მიიჩნია

სააპელაციო სასამართლომ რამაზ ახვლედიანის მოთხოვნები ლისის ტბის წართმევის საქმეზე ხანდაზმულად მიიჩნია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კანონით დადგენილ ვადებში გასაჩივრდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა გააკეთა.

“თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, არ დაკმაყოფილდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნა, ნაწილობრივ ბათილად არ იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულება რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, აღნიშნა, რომ  რამაზ ახვლედიანის მოთხოვნები საფუძვლიანია, თუმცა მათი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის იურიდიული საფუძვლები მოთხოვნებზე ხანდაზნმულობის ვადების არსებობა გახდა. პალატის აზრი, სადავო აქტების გასაჩივრებისთვის მხარეს დრო გააჩნდა 2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თუმცა რას დაეფუძნა სასამართლოს ასეთი შეფასებები, პალატის მხრიდან პროცესის მონაწილე მხარეებისთვის არ განმარტებულა”,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პალატის გადაწყვეტილებას სამართლებრივი დასაბუთების პრეტენზია გააჩნია. შესაბამისად, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სამართლებრივი დასკვნები მას შემდეგ იქნეს საზოგადოებისთვის წარდგენილი, რა დროსაც მოხდება განჩინების გაცნობა. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა მედიასთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ პალატა რამაზ ახვლედიანის საქმესთან მიმართებით, ერთსულოვანი არ იყო და ერთ-ერთ მოსამართლე ქალბატონს გააჩნდა განსხვავებული მოსაზრება რამაზ ახვლედიანის სამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მხარისთვის ცნობილია ის გარემოებაც, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქმეს განიხილავს მოსამართლე მაია ვაჩაძე.

მისივე განცხადებით, სასამართლო დათრგუნა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე გავლენის მომხდენი, ხელისუფლებასთან აფილირებული ბიზნესმენის, რამაზ ახვლედიანის პარტნიორ მამუკა ხაზარაძის ფაქტორმა, რომელიც ყველა წინაპირობით დასტურდება, რომ იყენებს ყველა საშუალებას – მედიაშიც, სასამართლოშიც და პროურატურაშიც ლისის ტბის წართმევის საქმეზე სასურველი გადაწყვეტილებებისთვის.

“სასამართლო სისტემა უნდა დაფიქრდეს, რომ ლისის ტბის წართმევის საქმეზე გამრუდებული სამართლიანობით, საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთ სარჩელს მიიღებს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანის საქმე არის მაგალითი, თუ როგორ რეაგირებს სასამართლო ხელისუფლების სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებთან და აქვს თუ არა დაუცველ მოქალაქეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

სააპელაციო პალატამ საქმის განხილვის დროს მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანი კვლავ დაზარალებულად და ქონებაჩამორთმეულად არ უნდა დარჩენილიყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რამაზ ახვლედიანი კეთილსინდისიერად ასრულებდა ლისის ტბის განვითარებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ამასთან, არ არსებობს ბიზნესმენის მოთხოვნა მიჩნეულ იქნეს ხანდაზმულად, ვინაიდან რამაზ ახვლედიანმა კანონიერ ინტერესებში აღდგენისთვის, სამართლებრივად ყველა ვარგის საშუალებას მიმართა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პრეზიდენტის განკარგულებით ვალდებულებების შესრულება, თანაბრად შესასრულებელი გახლდათ, როგორც რამაზ ახვლედიანის, ასევე ს.ს. „ლისის ტბის“ მიერ. საქმეში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის საკითხი, რომ რამაზ ახვლედიანს, 2006 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, არ გააჩნდა არავითარი დარღვევა და ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ვალდებულებების შეუსრულებლობას არაჯეროვნებისა და არაკეთილსინდისიერების საფუძველზე, არ მიუთითებს პროცესის მონაწილე არც ერთი მხარე და აღნიშნულის თაობაზე, არ არსებობს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მიერ რაიმე სახის დოკუმენტური მასალა. შედავება იმის შესახებ, რომ რამაზ ახვლედიანი ვალდებულებებს ვერ ან/და არ ასრულებდა, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ 2006 წლის 04 ნოემბრის რამაზ ახვლედიანის განცხადება, სადაც მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, მიზეზების გარეშეა საუბარი. პრეზიდენტის სადავო კანკარგულებით დადგენილია, რომ ვალდებულებების შესრულებაზე ან/და ნებისმიერი სახით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ევალებოდა თბილისის მერიას და მცხეთის მუნციპალიტეტის გამგეობას. შესაბამისად, სახელმწიფოს ამ კომპეტენტური ორგანოების მხრიდან რამაზ ახვლედიანის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ არც ერთი დოკუმენტური ჩანაწერი არ გხვდება, რომელიც საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, თავად პრეზიდენტის სადავო გადაწყვეტილების შეწყვეტის ან/და სხვა სახით სანქციებისთვის.

რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა – ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა”,- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე გიორგი ტყავაძემ (თავმჯდომარე), მარიამ ცისკაძემ და ნათია ქუთათელაძემ განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები