ზაალ კასრელიშვილი: ბიბილოვის განცხადება არის ჩვენი მასხრად აგდება

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო “პრეზიდენტის”, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ „საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ტატუნაშვილის საკითხზე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს“, „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი შეურაცხმყოფელს უწოდებს.
როგორც კასრელიშვილმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, დე ფაქტო ხელისუფლება, ქართული მხარის, საზოგადოების მოთმინებას ცდის.
„ეს განცხადება არის ჩვენი მასხრად აგდება, ასეთი განცხადებებით პულსს გვისინჯავენ და ჩვენი მოთმინების უნარს ამოწმებენ, – გვექნება თუ არა რეაქცია ასეთ დამამცირებელ განცხადებაზე და საერთოდ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ თუ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაგვიბრუნეს, ეს იქნება გამარჯვება სახელმწიფოსთვის. ტატუნაშვილის დაჭერაც კი, ვერ უნდა გაებედათ, სხვა დანარჩენზე რომ არაფერი ვთქვათ, ხალხის გატაცებას ვერ უნდა გვიბედავდნენ. არ ვთვლი, რომ ჯარით უნდა შევცვივდეთ, როგორც შევარდნაძე მოიქცა და როგორც სააკაშვილმა გააკეთა და პროვოკაციაზე წამოეგო. ჩვენ სახელმწიფოს ზეწოლის რამდენიმე ძალიან სერიოზული ბერკეტი აქვს და ეს ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ. ამაზე უფრო დეტალურად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საჯაროდ არ ვისაუბრებ“, -აღნიშნა ზაალ კასრელიშვილმა.
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო “პრეზიდენტმა”, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილზე და მისი ცხედრის გადმოსვენების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ „საქართველოში აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური პარტიების ისტერიის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდია“.
მისივე თქმით, პარტიები ქულების დაწერას პოპულისტური განცხადებებისა და აქციების ხარჯზე ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები