საქართველოს სახალხო არტისტი მალხაზ ბებურიშვილი გარდაიცვალა
12 მარტს გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი მალხაზ ბებურიშვილი. ამ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
„მალხაზ ბებურიშვილი იყო პროფესიონალი მსახიობი, მკაცრი ხელმძღვანელი და, ამავდროულად, ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანი თითოეული თანამშრომლის მიმართ. მისი წასვლა დიდი დანაკლისია თეატრისათვის“, – აცხადებენ მარჯანიშვილის თეატრში.
მალხაზ ბებურიშვილმა სამსახიობო მოღვაწეობა 1954 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო, 1956 წელს – მარჯანიშვილის თეატრში, მომდევნო წლიდან კი ჭანბას სახელობის სოხუმის თეატრში გააგრძელა მოღვაწეობა. 1959 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და 1980 წლიდან მსახიობის პროფესიას თეატრის დირექტორ-განმკარგულებლის პოზიცია შეუთავსა.
1957 წლიდან, 60 წლის მანძილზე, მან თეატრის სცენაზე განასახიერა 35 მთავარი როლი, აქტიურად მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“, სადაც გადაღებულია 10-მდე ქართულ მხატვრულ ფილმში.
1987 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდება.