„თბილისში საპარკინგე სისტემის რეგულირების ახალი მოდელი შეიქმნება“

„თბილისში საპარკინგე სისტემის რეგულირების ახალი მოდელი შეიქმნება, რაც ახალი მუნიციაპლური სამსახურის ჩამოყალიბებას გულისხმობს“, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერიის მუნიციპალური სამსახური მზად არის „სითი პარკის“ ვალდებულებები შეასრულოს.
ამასთან, ხმალაძე განმარტავს, რომ შესაძლოა ჯარიმების გამოწერის ფუნქცია ახალ მუნიციპალურ კომპანიას დაეკისროს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის საკმაოდ ძლიერი კომპანია გამართული მენეჯმენტით, ტექნიკური და მატერიალური საშუალებებით და ადამიანური რესურსით. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური იქნება პარკირების რეგულირება დროებით განხორციელდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოვაყალიბოთ ახალი საპარკინგე სისტემის რეგულირების მოდელი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ითვალისწინებდეს ახალი მუნიციპალური სამსახურის შექმნას და პარკირების რეგულირების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია – ჯარიმების დაწერა განახორციელოს ისევ და ისევ მუნიციპალურმა კომპანიამ და ახალმა კომპანიამ“, – განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 10 აპრილიდან „სითი პარკის“ ხელშეკრულება წყდება. რის მიზეზადაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.
„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები