ირაკლი კოვზანაძე: სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია, რომელიც ქვეყანაში საშუალო ფენას ქმნის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ბიზნესის ინტეგრაციის საკითხებზე მიძღვნილ EBRD/OECD-ის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენციის მუშაობაში, რომელიც თბილისში, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, 13-14 მარტს იმართება, მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუმრებს  საქართველოს მთავრობის  მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით ინიციატივები გააცნო.

“საქართველოში, ისევე როგორც თქვენს ქვეყნებში, ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის მცირე და საშუალო ბიზნესს. მნიშვნელოვანია ამ სექტორის წილი ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტში, მაგრამ პერსპექტივები კიდევ უფრო მეტია. მცირე და საშუალო ბიზნესში  დაბანდებული კაპიტალი, როგორც წესი ქმნის 1.5-2.0-ჯერ მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე მსხვილ ბიზნესში კაპიტალდაბანდება. შესაბამისად, ამ სფეროს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს არა მარტო ეკონომიკის დინამიურ ზრდაში, არამედ სახელმწიფოს მდგრადობაში როგორც მაკროეკონომიკური, ისე სოციალური კუთხით. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია რომელიც ქმნის საშუალო ფენას ქვეყანაში.  ხოლო ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები-აზერბაიჯანი, ბელორუსია, სომხეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა ის ქვეყნებია, რომლებზეც მოდის საქართველოს სავაჭრო ბრუნვის თითქმის 35 პროცენტი”,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ კონფერენციის გახსნისას.

კონფერენცია ტარდება EBRD-ის და OECD-ის ორგანიზებით და UNDP-ს და ირაკლი კოვზანაძის მხარდაჭერით. ირაკლი კოვზანაძე, 2007-2008 წლებში, იყო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისა ბანკის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბანკების კორპორაციული მართვის კომისიის თავმჯდომარე ევრაზიის ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები