ბავშვი, რომელიც “მოზაიკის” მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, ამ დრომდე რეანიმაციაშია
7 წლის მოზარდი, რომელიც ბიზნესცენტრ “მოზაიკის“ მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ ექიმმა თინათინ იმერლიშვილმა განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
მისივე თქმით, დღეს დაგეგმილია ღვიძლის რადიოლოგიური განმეორებითი კვლევა. კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს, მომატებულია თუ არა ჰემატომის პარამეტრები, რომელიც მოზარდს ვარდნის შედეგად ღვიძლზე განუვითარდა.
ცნობისათვის, უკვე დადგენილია რომ 7 წლის ბიჭი 4 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა.
ვარდნის შედეგად, ბავშვმა მრავლობითი პოლიტრავმები მიიღო.
კერძოდ, შემთხვევის შედეგად, პაციენტს მარჯვენა წარბთან ნახეთქი ჭრილობა, სახის მარჯვენა მხარეს დაზიანებები და მარცხენა ხელის მოტეხილობა აღენიშნება. ღვიძლზე კი ჰემატომა განვითარდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის 61-ე საჯარო სკოლის 7 წლის მოსწავლე, ბიზნესცენტრ „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზ „კონგრეს ჰოლში“, მე-5-დან მე-4 სართულზე ჩავარდა. დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს.