ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდისა (GGF) და ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის ორგანიზებით, ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელოსა და გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ქვეყანაში მმართველობითი რეფორმის განხორციელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ღონისძიება გახსნეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  კარგი მმართველობის ფონდის ექსპერტმა, ლიამ ფიცპატრიკმა და ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის სახელმწიფო შიდა კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რაიმონდ ჰილმა.

„აღნიშნული რეფორმის განხორციელება, პირდაპირ უკავშირდება პროგრამული ბიუჯეტის შემდგომ სრულყოფას, საბოლოო ჯამში, ქვეყნის როგორც ფინანსური, ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას. ვფიქრობთ, აღნიშნულ სახელმძღვანელოში გაწერილი პრაქტიკული ღონისძიებების მიხედვით, თითოეული საჯარო უწყება შეძლებს ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვას,” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

„დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის პრეზენტაცია. იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მენეჯმენტის ახალი კულტურის ჩამოყალიბებას, რომელსაც მაქსიმალურად ლობირებს ევროპის საბჭო. ფინანსური მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემის დანერგვა, გულისხმობს ეფექტიან მართვას და ხარჯების ეფექტურად გამოყენებას”, – აღნიშნა ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის სახელმწიფო შიდა კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რაიმონდ ჰილმა.

„ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელო გზამკვლევთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრმა კარგი მმართველობის ფონდის (GGF) დახმარებით შეიმუშავა. ესაა რეალური ინსტრუმენტი დაწესებულებებისთვის, რათა მათ ჩამოაყალიბონ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა. გზამკვლევი გააუმჯობესებს შიდა კონტროლის სისტემებს და მიიყვანს იმ სტანდარტებამდე, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს საჯარო სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას”, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს  სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, გიული ჭკუასელმა.

საჯარო დისკუსიის ფარგლებში, საჯარო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: დაწესებულებებში ეფექტიანი კონტროლის სისტემის ფუნქციონირება, არსებული რისკების გამოვლენა, უწყების წინაშე არსებული მიზნების მისაღწევად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, მონიტორინგის საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები