სახელოსნოდან ნივთი მოიპარეს – „თუ დაინახავთ ამ ქვედაბოლოში “გამოპრანჭულ” გოგოს, გვაცნობეთ“
თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტანსაცმლის სახელოსნოდან უცნობმა პირმა ქვედაბოლო მოიპარა.
როგორც სახელოსნოს მეპატრონემ ანანო გაბუნიამ „კვირას“ განუცხადა, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.
მისი თქმით, მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
ამასთან, ანანო გაბუნია ამბობს, რომ სახელოსნოში არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.
მაღაზიის მენეჯერის ინფორმაციით, ქვედაბოლო, სხვა ტანსაცმელთან ერთად, ერთ-ერთ კედელზე იყო განთავსებული და საღამოც სწორედ ის ადგილი ცარიელი აღმოჩნდა.
„მეგობრებო, ასეთი მოულოდნელი “სიურპრიზის” წინაშე აღმოვჩნდით ჩვენი სახელოსნოდან, ეს ულამაზესი ქვედაბოლო მოიპარეს.
მოეწონათ და წაიღეს ადამიანის უნამუსობაც უსაზღვრო ყოფილა.
აუცილებლად გავარკვევთ, ვინ წაიღო ნივთი.
მანამდე კი, სადმე თუ დაინახავთ ამ ქვედაბოლოში “გამოპრანჭულ” გოგოს, არ დაგეზაროთ და გვაცნობეთ“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში.
