გიორგი მარგველაშვილი ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ვიოლეტა ბულცთან საქართველოს იმ სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ქვეყანა ამ მიმართულებით ახორციელებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას ტრანსპორტის სფეროში. აღსანიშნავია, რომ საქართველო განაგრძობს როგორც ასოცირების შეთანხმების, ასევე “ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების ეფექტურ განხორციელებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სატრანსპორტო სექტორის მოდერნიზაციაში.

ურთიერთკავშირების განვითარება მათ შორის ტრანსპორტის სფეროში, ქვეყნის მნიშვნელოვანი მიზანია, რომლის შედეგადაც საქართველო რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად უნდა იქცეს.

პრეზიდენტმა ევროკომისარს ინფორმაცია მიაწოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ, რომელიც დიდი მოცულობის სატვირთო გემების მიღებას შეძლებს და ვაჭრობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

საუბარი შეეხო ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის, აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტობანის მშენებლობისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტებს, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები