ნაძალადევის რაიონში ქალთა ველორბოლა გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნაძალადევის რაიონში ველორბოლა გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში სხვადასხვა ასაკის 50-მდე მოხალისე ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა.

მონაწილეებმა სტარტი გურამიშვილის გამზირზე მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის შენობიდან აიღეს და ველორბოლა ნაძალადევის რაიონის გამგეობის შენობასთან დაასრულეს.

8 მარტი ქალებს ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ამაშუკელმა მიულოცეს. გამგებელმა და საკრებულოს წევრმა მათ სამახსოვრო პრიზებიც გადასცეს.

„ქალბატონებს ვულოცავ 8 მარტს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. მიხარია, რომ გამგეობის ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაში ყველა ასაკის ქალმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებმაც. რაც უფრო მეტი სპორტული აქტივობა გვექნება, მით უფრო ხელს შევუწყობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ფორმით მიგველოცა ქალებისთვის 8 მარტი“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ველორბოლის დასრულების შემდეგ, ქალბატონებისთვის მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები