კახა კალაძე: ძალიან მალე ჩვენი დედაქალაქი სიცოცხლით და სიყვარულით სავსე იქნება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლადო გუდიაშვილის მოედანის რეაბილიტაცია-აღდგენის პრეზენტაციისას, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ძველი თბილისის მოწესრიგება, აღდგენა და რეაბილიტაციაა. მისივე თქმით, ერთად ბევრი რთული ბარიერის გადალახვა შეიძლება და ძალიან მალე დედაქალაქი სიცოცხლით და სიყვარულით სავსე იქნება.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად გავაგრძელებთ მიმდებარე ქუჩების, შენობა-ნაგებობების აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ზოგადად, ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ძველი თბილისის მოწესრიგება, მისი აღდგენა და რეაბილიტაცია, რადგან ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის ის სიმდიდრე, რომლითაც უნდა ვიამაყოთ თითოეულმა ჩვენგანმა. ეს არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე შემოგვინახეს და მოგვიტანეს. ეს ყველაფერი მოვლილი, მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი უნდა გადაეცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს მარტო თბილისის მერია, მარტო თბილისის მერი ვერაფერს გააკეთებს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა. მხედველობაში მაქვს როგორც ცენტრალური ხელისუფლება, საკრებულო, პარლამენტი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ რთულ ბარიერს გადავლახავთ და მერწმუნეთ, რომ ძალიან მალე ჩვენი დედაქალაქი იქნება სიცოცხლით სავსე, ჩვენი დედაქალაქი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კახა კალაძემ ყოფილ მერს, დავით ნარმანიას მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი სამუშაოები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები