გუგული მაღრაძე: გამოვხატავთ მზაობას, რომ პოზიციამ და ოპოზიციამ ერთიანი რეზოლუცია მივიღოთ

“საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, პარლამენტში დარეგისტრირებულ რეზოლუციაზე, უმრავლესობას მეტი პასუხისმგებლობა აქვს, იმიტომ, რომ მასში უნდა იყოს ისეთი ფორმულირებები, რომელიც ასახავს რეალობას, არის მწვავეც, მაგრამ არ უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ვერ შეასრულებ და ცაში გამოკიდებული იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გუგული მაღრაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეზოლუცია დიპლომატიურად „მოწესრიგებული“ უნდა იყოს, რადგან რაიმე დამატებით საფრთხეს არ იწვევდეს. მისივე თქმით, კარგი იქნება თუ მასში ორივე მხრის, ოპოზიციის და მმართველი გუნდის ინტერესები თანაბრად იქნება გათვალისწინებული.
“რეზოლუციაზე არანაირი პარტიული განსხვავება და დამოკიდებულება არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს არის საერთო. მე არ მეგულება ადამიანი, ვინც არ თვლის, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ყველაზე დიდი ტრაგედიაა საქართველოსთვის. ამასთან, დიპლომატიურად „მოწესრიგებული“ უნდა იყოს, რაიმე დამატებით საფრთხეს არ უნდა იწვევდეს. ჩვენ უნდა შევხედოთ ოპოზიციის მიერ წარდგენილი რეზოლუცია რამდენად არის რეალისტური, იქნება თუ არა ქმედითი. პოლიტიკური ფორმულირების გარდა, სამართლებრივი მხარეც გათვალისწინებული უნდა იყოს რეზოლუციაში. ამან კი უნდა გამოიწვიოს მხარდაჭერა, საერთაშორისო თანამეგობრობიდან, საზოგადოებიდან, ამიტომ უნდა იყოს შეთანხმებული სპეციალისტებთან.
ამ რეზოლუციით ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვინდა საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს იმაში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუშვან ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები.
კარგი იქნება თუ ორივე მხრის ინტერესები იქნება გათვალისწინებული, რაც კარგად წარმოაჩენს საქართველოს”,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მაღრაძემ ოპოზიციის მხრიდან რეზოლუციაში შესატან საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ, მათი მხრიდან, შეიძლება იყოს ისეთი ფორმულირება წამოყენებული, რომელიც ჯერ-ჯერობით მიზანშეწონილი არ იქნება. გუგული მაღრაძე არც აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტის მომხრეა.
“ოპოციზიის მხრიდან შეიძლება იყოს ისეთი ფორმულირება წამოყენებული, რომელიც არ არის მიზანშეწონილი დღეს რეზოლუციაში. თუმცა ჩვენ, გამოვხატავთ მზაობას, რომ ერთიანი რეზოლუცია მივიღოთ.
ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისიც არის, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეწყდეს, სანამ ყველა დამნაშავე არ იქნება დასჯილი, თუმცა, მე ამას არ ვეთანხმები. დამნაშავეების დასჯა ჩვენს ხელთ არაა მხოლოდ. არა და ამ ფორმატს თავისი პოზიტიური ღირებულებები გააჩნია, ისინი წყვეტენ იმ ჰუმანიტარულ საკითხებს, რომელიც ასეთი შეხვედრის შესაძლებლობის გარეშე ძალიან ძნელი გადასაწყვეტი იქნება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გუგული მაღრაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები