საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან, ქვეყნის პოტენციალისა და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოს, ექსპერტების ჯგუფი ეწვია.
აღნიშნული ვიზიტი საქართველოს პრემიერ – მინისტრის ლოზანაში ყოფნის პერიოდში დაიგეგმა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ტომას ბახს შეხვდა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.
როგორც „კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ექსპერტები, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშილს შეხვდებიან.
შეხვედრaს ორგანიზებას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია” უწევს. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები 7 მარტს გუდაურსა და ყაზბეგს, 8 მარტს კი, ბორჯომ-ბაკურიანს მოინახულებენ. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სამთო კურორტების განვითარებაა.
„სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში საერთაშორისო დონის შეჯიბრებების მასპინძლობა, რაშიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების მაღალი შეფასებები და მათთან თანამშრომლობა. მთის კურორტების განვითარებისა და საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მიმართულებით, ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან, ექსპერტების ვიზიტი, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველომ 2030 წელს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს“, -აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები