კახა კალაძე: მზად ვართ, მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ, რათა ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს

“სამწუხაროდ, პრობლემები საკმაოდ ბევრია ქალაქში, შესაბამისად, ყველა მიმართულებით გვიწევს მუშაობა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 100 დღის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, თბილისის მერი აცხადებს, რომ თბილისში სამუშაო ძალიან ბევრია და ამისთვის დედაქალაქის მთავრობა მზად არის.
“რაც შეეხება ქალაქში არებულ პრობლემებს, ეს ყველაფერი იდენტიფიცირებულია. ზუსტად ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, შეირჩა ის 7 ძირითადი მიმართულება და პოლიტიკა, რომელიც მე წინასაარჩევნოდ მქონდა წარმოდგენილი. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ვმუშაობთ. საკმაოდ კომპლექსური მიდგომები გვაქვს, რადგან სამწუხაროდ, პრობლემები საკმაოდ ბევრია ქალაქში, შესაბამისად, ყველა მიმართულებით გვიწევს მუშაობა. დღეს წარმოვადგინე ის, თუ რა შევძელით 100 დღის განმავლობაში, რა ცვლილებები განვახორციელეთ, რა პროექტები წამოვიწყეთ. მე მგონია, რომ ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება შეფასება, ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ, რათა ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი და მოსახლეობამ კეთილდღეობა იგრძნოს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები