დღეს ჭიათურის მერი ნიკო კეცხოველის პრემიის ნახევარფინალისტებს შეხვდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო კეცხოველის პრემიის ნახევარფინალისტებს შეხვდა. პაატა ნადირაძემ ჭიათურის რვა საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს უმასპინძლა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,სენის’’ ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში – ,,ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია-2018“, რომლის ნახევარფინალი ქუთაისში ჩატარდა.
ქალაქის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-5, ასევე პერევისის, თაბაგრების, გეზრულის, სვერის საჯარო სკოლების მოსწავლეები კონკურსის ნახევარფინალში დამაჯერებლად წარდგნენ ჟიურის და დამსწრე საზოგადოების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ფინალის საგზური ვერ მიიღეს, მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, შეხვედროდა წარმატებულ მოსწავლეებს და მათთვის ერთდღიანი ექსკურსია დაეფინანსებინა.
,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენს პედაგოგებს კონკურსზე ასე საინტერესო, არგუმენტირებული გამოსვლებისათვის. თქვენ დაამტკიცეთ, რომ თითქმის ექსპერტების დონეზე ხართ გათვითცნობიერებული ეკოლოგიურ საკითხებში. ეს პრობლემა ჩვენი ქალაქისათვის საკმაოდ მტკივნეულია და იმ ახალგაზრდულ საკონსულტაციო საბჭოში, რომელიც ჩვენი ინიციატივით იქმნება, ვისურვებდი თქვენისთანა ახალგაზრდებთან თანამშრომლობას“, – განაცხადა პაატა ნადირაძემ.
შეხვედრის დასასრულ, გეზრულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის მერს სიმბოლური საჩუქარი -კვიპაროსის ნერგი გადასცეს, ერთ-ერთმა ეკოკლუბელმა კი აღნიშნა: ,,ჩვენ ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ ეს კონკურსი უკვე გუშინდელი დღეა, მომავალი კი უფრო ,,მწვანე“ და ,,ფერადი“ იქნება“.