საქართველოს პარლამენტი ევროპარლამენტთან ერთად საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე მუშაობს
საქართველოს პარლამენტის გაძლიერებას ევროპარლამენტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სპეციალური პროგრამის მხარდაჭერის მეშვეობით. ამ პროგრამის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაციამ, ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრები გამართა, რომლის მიზანი იყო საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით გამოცდილების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა.
„სამუშაო პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გვქონდა პროგრამის წამყვან ევროპარლამენტარებთან, ანა გომესთან, დევიდ მაკალისტერთან, მოიკლ გაკერთან, კლერ მუდისთან, იოან პასკუსთან, საჯად კარიმთან, და სხვებთან. საპარლამენტო გაძლიერების კუთხით მთავარი აქცენტები კეთდება თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში პარლამენტის როლის გაძლიერებაზე”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ევროპარლამენტი აგრძელებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას. საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სერგი კაპანაძე, თამარ ხულორდავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი კახიანი, ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე და ნინო წილოსანი არიან, ბრიუსელში ვიზიტს 1-ელ მარტს დაასრულებს.