“ერგნეთში შეხვედრაზე, პრინციპული საკითხი ოჯახისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემა იქნება”

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ფორმატში ორი ძირითადი საკითხი იქნება განხილული. მისივე თქმით, ერთი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების, ხოლო მეორე ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საკითხი იქნება.
“ცხადია, პრინციპული საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე ოჯახისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაა, მეორე საკითხი, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილისთვის ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალების მიცემის საკითხი, არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი”,-განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში ჯერ არ გადმოუსვენებიათ. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი კი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები