მოზარდ მაყურებელთა თეატრმა იაპონიის საერთაშორისო ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა დიდი წარმატება მოიპოვა იაპონიის საერთაშორისო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალზე.
27 -წლიანი პაუზის შემდეგ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი იაპონიის რამდენიმე ქალაქში მიიწვიეს – ქართულმა წარმოდგენამ დიდი აღიარება დაიმსახურა. ბოლოს, ქართული დრამატული თეატრი იაპონიას 90-იან წლებში სტუმრობდა.
იაპონიაში, კერძოდ, ნაგოიასა და ტოკიოში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი, ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის, „ასიტეჟი აზიის“ ეგიდით, 16-26 თებერვლამდე გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდა აზიის 15 ქვეყანა, მათ შორის: იაპონია, კორეა, ჩინეთი, ინდოეთი, ნეპალი, ტაილანდი, შრი-ლანკა, ბანგლადეში, ისრაელი, უზბეკეთი და სხვა. მოზარდ მაყურებელთა თეატრი ერთადერთი თეატრია, რომელიც იაპონიამ, ამჯერად, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია.
დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ ქალაქ ნაგოიასა და ტოკიოში ორ-ორჯერ წარმოადგინეს. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილე ქვეყნების წარმოდგენებს ტოკიოს ახალგაზრდობის ოლიმპიური ცენტრი მასპინძლობდა.
ქართულმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ სპეციალური ჩვენება, დამატებით, ტოკიოს ორ დიდ საბავშვო ცენტრშიც გაიმართა.
იაპონიის გასტროლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი: დიმიტრი ხვთისიაშვილის, გია მარღანიას, ნიკა ნანიტაშვილის, მარიამ ხუხუნაიშვილისა და ნიკოლოზ ფაიქრიძის შემადგენლობით, 27 თებერვალს, 13:00 საათზე, ჩამოდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები