„გადაჭრილი გორას“ განვითარების კონცეფცია უცხოელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება

ქვემო ქართლის სოფელ იმირში მდებარე ნეოლითური ხანის არქეოლოგიური ძეგლის „გადაჭრილი გორას“ განვითარების კონცეფციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად შეიმუშავებს.
როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნოებს, სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ ასევე ერთობლივად მომზადდება ძეგლის საფუძვლიანი კონსერვაციისა და მისი ტურისტულ საიტად ქცევის გეგმაც, რაც ძეგლის ინფრასტრუქტურულ მოწყობასა და ვიზიტორთა ცენტრის განვითარებას გულისხმობს. სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრის პარალელურად, სოფელ იმირში, სადაც რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საერთაშორისო მულტიდისციპლინარულმა კვლევამ ძვ.წ. 6000-5800 წლებში აქ მოსახლე ტომებში მეღვინეობის პირველადი მიმდინარეობის არსებობა დაადასტურა, არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი მაისის თვიდან განახლდება.
გრძელვადიანი პატნიორობის ფარგლებში, ძეგლის არქეოლოგიურ შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად, კვლავაც ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგებიც განახორციელებენ, რომელთანაც ქართული მხარე 2016 წლიდან თანამშრომლობს.
განვლილ 2 წელიწადში ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების გაცნობის, ამჟამინდელ მდგომარეობის შეაფასებისა და მომავალი სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოების დაგეგმვვის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენელობითი ჯგუფი ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლს გუშინ ესტუმრა. ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, შემუშავდება ძეგლის სამომავლო დაცვის მექანიზმებიც, რომელთა საბოლოო დახვეწისა და ამოქმედების შემდეგ, მაღალი ალბათობით „გადაჭრილ გორას“ ეროვნული კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიენიჭება.
პროცესების პარალელურად, კანადური მხარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან არქეოლოგიური ძეგლის სამომავლო განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას შეეცდება, რაშიც საქართველოს მთავრობაც  აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
დაცვის პირველადი მექანიზმის ამოქმედებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს, რომლთა ძალისხმევითაც ახლო მომავალში არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია დროებითი კონსტრუქციით შემოიღობება.
„გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური მისიის ხელახალი ამოქმედებისთანავე ფუნქციონირებას განაახლებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაც, სადაც პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ქართველ სტუდენტებთან ერთად, კანადელი ახალგაზრდებიც მიიღებენ. სკოლა სპეციალური პროგრამის ფარგლებში იმუშავებს, რომლის მიზანიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერებების – საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების – არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და პალეობოტანიკის პოპულარიზაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები