სოლომონ პავლიაშვილი პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენას და მინისტრების შეხვედრას დაესწრო

პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა და მინისტრთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწვევით, 40-მდე ქვეყნის მინისტრები ესწრებოდნენ და მისი ძირითადი მიზანი იყო სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის, ფერმერთა მხარდაჭერის და სურსათის უსაფრთხოების საკითხების განხილვა.
სოლომონ პავლიაშვილმა მონაწილეებს საქართველოში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო და საფრანგეთის მთავრობას პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, ისაუბრა ექსტენციის პროგრამის მიმდინარეობაზე, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ ახალ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა გასულ წელს ბორდოში ჩატარებულ გამოფენას, სადაც საქართველო აღიარებულ იქნა, როგორც “ღვინის აკვანი”.
პარიზის სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენის თემაა “სოფლის მეურნეობა: ერთობლივი ქმედებები“, რომელშიც მსოფლიოს სოფლის მეურნეობის და სურსათის ინდუსტრიაში მოღვაწე სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მინისტრის მოადგილესთან ერთად, გამოფენას საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე – დელონე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ. გამოფენას ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები