ქობულეთში ფერმერებს კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები წარუდგინეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები გააცნო.
გიორგი მიშელაძემ მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფისა და რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, პროგრამაში ჩართულობით, კოოპერატივის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარ საწარმოში გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიიღონ დამატებითი შემოსავალი.
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში 30%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა, რომლის გადახდასაც კოოპერატივი 8 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
დადგენილი კრიტერიუმებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივში გაერთიანებული კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7000 სკა.
მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შედეგად, შესაძლებლობა მიეცემათ, კოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ თაფლი და ერთიანი ბრენდის ქვეშ მოახდინონ რეალიზება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. საწარმოს მეპაიე წევრებს, ასევე ექნებათ საშუალება აღნიშნულ საწარმოში მიიღონ მომსახურება და საკუთარი ბრენდის ქვეშ ჩამოასხან და გაყიდონ თაფლი.
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (თხა, ცხვარი) დარგის კოოპერატივების ხელშეწყობას.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო აღნიშნულ პროგრამაში რეგისტრაციას ვებ-გვერდზე – www.acda.gov.ge 1 მარტამდე აცხადებს.
პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობას.
თუ კოოპერატივის ან/და მის მეპაიეების საკუთრებაშია არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), მას გადაეცემა 12-ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები.
მეცხვარეობის კოოპერატივებს თანადაფინანსებით, ღირებულების 30%-ად, მობილური ტიპის 24-ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაეცემა, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიე(ებ)ს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 1000 სული ცხვარი (ნერბი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები