ციხელაშვილი: ვერსია, რომ ტატუნაშვილი დივერსიას გეგმავდა, თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლები ხელოვნურად აჭიანურებენ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების პროცესს.

“ტატუნაშვილის მიმართ იყო ძალა გამოყენებული და ეს ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციითაც დასტურდება. ოკუპირებული ცხინვალის მედია ჯერ ავრცელებდა, რომ ტატუნაშვილს კიბეზე დაუცდა ფეხი, შემდეგ გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახელებდნენ. დასკვნების გამოტანა რთულია, მით უფრო, რომ ექპერტიზის საშუალებას არ გვაძლევენ.

ვერსია, რომ ტატუნაშვილი ქართული სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებდა და დივერსიას გეგმავდა, არის თითიდან გამოწოვილი და ალოგიკური ე.წ. ბრალდება. ვიცით და ოჯახიც ამას ადასტურებს, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში გადადიოდა ახალგორში და რაიმე სახის შეფერხება არ ჰქონია.

სამწუხაროდ, ტატუნაშვილი არაა პირველი, ვინც ამ რეჟიმს ემსხვერპლა. ესაა ერთი პროცესის ნაწილი, რომელიც დაპირისპირებისა და დაძაბულობის მუდმივი ფონის შექმნას ემსახურება.

ესაა მიმართული იმ სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით. დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკა ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენის შეფერხებას ემსახურება.

სამწუხაროდ, არც ჩვენ და არც საერთაშორისო საზოგადოებას პირდაპირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. ოკუპირებულ რეგიონებში მუდმივად, ყოველდღიურად ილახება ადამიანების უფლებები, – არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველების, არამედ – ეთნიკურად ოსებისა და აფხაზებისაც.

თავად რუსული სტატისტიკაც ადასტურებს, რომ შარშან სამჯერ მეტი ადამიანი დააკავეს ცხონვალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობისას, – ვიდრე პირიქითით, აქედან ცხინვალის რეგიონში გადასული ადამიანების რაოდენობაა.

დაკავებების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ესაა ერთგვარი ტენდენცია, რომელიც, საუბედუროდ, 2008 წლიდან დღემდე ნარჩუნდება.

ვიდრე იარსებებს თუდაც ერთი ადამიანის დაკავების შემთხვევა, იქამდე ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას ამ ტენდენციის წინააღმდეგ.

იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ უმძიმესი ტრაგედიის ფონზე, კიდევ უფრო გაააქტიურებს ძალისხმევას” – თქვა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობა ტატუნაშვილის გადმოსვენებისა და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის სახლებში დაბრუნების პროცესში.

ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს უკვე შეხვდა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თეებერვალს, გაამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები