პაროდისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

პოლიციის პოლკოვნიკ და პაროდისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბექა კირვალიძემ უვადო, მშრალი შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ „კვირას“ ბრალდებულის ადვოკატმა ლოტბერტი კუპატაძემ განუცხადა. ადვოკატი და ბრალდებული ერთმანეთს გუშინ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გლდანის N 8 დაწესებულებაში შეხვდნენ.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ბექა კირვალიძემ საპატიმროში უვადო შიმშილობა დაიწყო. მას სურვილი აქვს, რომ გაირკვეს სიმართლე. ეს გადაწყვეტილება მან გუშინ მიიღო, ჩვენი შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, მან საჩივრით მიმართა მთავარ პროკურატურას, სასამართლოს, სახალხო დამცველს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სადაც ითხოვს დანაშაულებრივი ქმედების გადაკვალიფიცირებას. კერძოდ, იგი აღიარებს, რომ დავით როსტომაშვილს, პირადი წყენის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იქ ყაჩაღობა არ ყოფილა. ამასთან, დანაშაულის დროს იგი მარტო იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან ამ საქმეში კიდევ 2 ბრალდებული – არტემ აგაჯანოვი და ზურაბ ქუთელია. ბრალდებული წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ადვოკატი.
აღსანიშნავია, რომ საქმეზე დაკავებული 2 პირი არტემ აგაჯანოვი და ზურაბ ქუთელია, ცემის ფაქტს საერთოდ არ აღიარებენ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 14 ივნისს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ. თავდამსხმელმა პოლიციის პოლკოვნიკს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყა. მომხდარი ფაქტიდან 20 წუთში, სამართალდამცველებმა ბექა კირვალიძე დააკავეს. მოგვიანებით ზურა ქუთელია, ხოლო დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ, _ არტემ აგაჯანოვი.
ცნობისათვის, ბრალდებულები ბექა კირვალიძე, არტემ აგაჯანოვი, ზურაბ ქუთელია, დაზარალებულის დავით როსტომაშვილის შვილის მეგობრები არიან და ისნის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები