ბექა ოდიშარია: პარლამენტი კიდევ სამი წელი შეძლებს არხზე მიმდინარე პროცესებზე საჭიროების შემთხვევაში ადეკვატურ რეაგირებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დისკუსიას, რომელიც არასწორად არის პოლიტიზირებული და საკითხის ძირითად აზრს აზიანებს, შესაძლოა ისეთი ადამიანებიც შეუერთდნენ, რომელთაც მართლაც აღელვებთ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობა.

„მინდა გამოვეხმაურო საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ წარმოქმნილ დისკუსიას. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ყოველთვის ახერხებს ნებისმიერი თემის პოლიტიზირებას. დისკუსიის არასწორ ჩარჩოში მოქცევას, რაც ბუნებრივია საკითხის ძირითად აზრს აზიანებს. არაჯანსაღი პოლიტიკური ინსინუაციების მოწმენი ჩვენ დღესაც ვართ ამ დარბაზში და ამას შევეჩვიეთ უკვე. თუმცა, შესაძლოა ამ დისკუსიას შეუერთდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც მართლაც აღელვებთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სწორი განვითარება და მათი შეუქცევადობა”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა, მისი დამოუკიდებლობა, სახალხოობა, ისე როგორც ხარისხიანი მაუწყებლობა, ნებისმიერი  პოლიტიკური ძალისთვის, თუ დემოკრატიული საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში.

უმრავლესობის წევრმა საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოადგინა იმ ცვლილებების ასახსნელად, რის გარშემოც საზოგადოებაში არსებობს დისკუსია.

„მერწმუნეთ, ჩემთვის კარგად არის ცნობილი თუ რა მდგომარეობაა ამ არხზე, პირველ რიგში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო. იმ პროფესიონალი კადრების არსებობის საპირისპიროდ, რომელთა ნაკლებობასაც არხი არასოდეს განიცდიდა და მათ შორის ვგულისხმობ იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც უკანასკნელ, ახლო წარსულში შემოუერთდა არხის მენეჯმენტს და მათ ძალისხმევას არხის გაჯანსაღების და განვითარების საქმეში.

მე ვთხოვდი კოლეგებს, რომ საქმეს შევხედოთ პრაგმატულად. მე ვგულისხმობ, რომ არსებობს საზოგადოებრივი არხი, რომელსაც გადასახადის გადამხდელები წლობით უხდიან ფულს და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს, მათ შორის, უნარიანი და ნოვბატორული იდეებით მოსული მენეჯმენტი ცდილობდა მაყურებლისათვის მისაღები პროდუქტის შექმნას, ზემოთაღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო სასურველის მიღწევას, რაზეც სამწუხაროდ მეტყველებდა არხის რეიტინგი და ყურებადობა.

ანუ, გადასახადის გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხით ვერ ხერხდებოდა მოლოდინის გამართლება. მოდის ახალი მენეჯმენტი და ჩვენს წინაშე დებს ახალ ბიზნეს-გეგმას და მე ამ ცვლილებებს სწორედ ასე განვიხილავ და მენეჯმენტი ასაბუთებს, რომ ამ ცვლილებების შემთხვევაში ის მოახერხებს ამ მოჯადოებული წრის გარღვევას და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას მედია-სივრცეში”,- აღნიშნა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ ასევე მოიყვანა მაგალითები საერთაშორისო პრაქტიკიდან.

„რა საერთაშორისო გამოცდილება გვაქვს ამ კუთხით? მერწმუნეთ, ციფრებში გამოხატული ეს მონაცემები, და მე ხელთ მაქვს ძალიან ავტორიტეტული კვლევები, მართლაც შთამბეჭდავია და ის მართლაც უმყარებს ზურგს და ნიადაგს წარმოდგენილ ცვლილებას. იქნება ეს ევროპული ქვეყნები თუ სხვა ქვეყნების მიერ ასეთი მაუწყებლების დაფინანსების მაჩვენებლები ამავე ქვეყნების შიდა პროდუქტის მაჩვენებლებთან მიმართებაში თუ ეს იქნება ანალოგიური არხების შემოსავლებში  სარეკლამო და კომერციული საქმიანობიდან შემოსავალი წილის მაჩვენებლის თვალსაზრისით. თუ ჩვენ დღეს გავუჩენთ შესაძლებლობას საზოგადოებრივ მაუწყებელს და არა სახელმწიფო ტელევიზიას, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ეს 2 მილიონს არ გასცდება, რაც ბაზრის საერთო ღირებულების 5 %-ს უტოლდება. ბუნებრივია, ასეთი გათვლები ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ მცდარად ნავარაუდევი ბაზრის რყევებს”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, სხვა დამატებითი რისკებისა და ნეგატიური მოვლენების კონტროლისთვის რამდენიმე ქმედითი და ეფექტური კონტროლის მექანიზმი არსებობს.

„მომავალში წარმოქმნილი დამატებითი ფულადი სახსრების მართლზომიერ განკარგვაზე კონტროლისთვის, უკვე არსებობს მრავალი ქმედითი მექანიზმი. მათ შორის ბორდი, აუდიტის სამსახური და პარლამენტი. მეცხრე მოწვევის პარლამენტი სულ მცირე, კიდევ სამი წელი შეძლებს არხზე მიმდინარე  პროცესებზე, ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში ადეკვატურ რეაგირებას და საზოგადოების ინტერესების დაცვას”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები