გელოვანის გამზირზე, კალათბურთის მოედნის მშენებლობის ადგილიდან ხე-მცენარეები გადაირგო

0

მარშალ გელოვანის გამზირზე, საკალათბურთო მოედნის მშენებლობის ადგილიდან ნარგავების შენარჩუნების მიზნით, ექვსი ხე-მცენარე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაირგო. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ხე-მცენარეების გადარგვა აგროტექნიკური ღონისძიებებისა და ნარგავების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის საჭირო პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა, რომლის დროსაც, ადგილზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი იმყოფებოდნენ.

„დღეს დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. არსებობდა რამდენიმე ხე-მცენარე, რომელიც მშენებლობის პროცესს ხელს უშლიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მწვანე ნარგავების მაქსიმალური შენარჩუნებაა,   ყველა საჭირო ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ თითოეული ხე-მცენარე შესაძლებლობის ფარგლებში შევინარჩუნოთ. გადარგვის სამუშაოები აგროტექნიკური მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდა. ამასთან, ჩატარდა ხე-მცენარის სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებები, რათა გადარგვის შემდეგ, მისი განვითარება მოხდეს და ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ გაუჭირდეს“, – აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.

დიდუბის რაიონის გამგებლის განცხადებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მოედნის მშენებლობის  პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერიც მოეწყობა.

საერთაშორისო სტანდარტების კალათბურთის მოედანი დიდუბის რაიონის გამგეობისა და კომპანია „გალფის“ თანამონაწილეობით აშენდება.

კომენტარები

კომენტარი