ქართველი ემიგრანტი დედის ტრაგედია – შვილთან გაუცხოებული დედა, შესაძლოა, ამერიკის ციხეში აღმოჩნდეს

„შვილთან გაუცხოებულ, მასზე მონატრებულ დედას პატიმრობა ელის!” – ამ სათაურით პარლამენტის ყოფილი წევრი გია ხუროშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკაშია და ქართველ ემიგრანტებს სამართლებრივად ეხმარება, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
გია ხუროშვილი სტატუსში იმ სოციალურ ტრაგედიაზე გვიამბობს, თუ რა დაემართა ქართველ ემიგრანტს, რომელიც ოჯახის გადასარჩენად 10 წლის განმავლობაში ემიგრაციაშია. 10-წლიანი განშორების შემდეგ, დედამ შვილი ამერიკაში ჩაიყვანა. სწორედ შვილის ჩვენების შედეგად, დედა ციხეში აღმოჩნდა.
„კვირა“ უცვლელად გთავაზობთ გია ხუროშვილის სტატუსს:
„შვილთან გაუცხოებულ, მასზე მონატრებულ დედას პატიმრობა ელის!…
უკვე 10 წელია, ამერიკაში იმყოფება. 1 წელია, რაც მან შვილი ჩამოიყვანა. ეს გოგონა წელს სკოლას ამთავრებს. დეიდასთან გაზრდილი გოგონა დედის მიმართ პრეტენზიული აღმოჩნდა, დედა კი შვილისაგან გაუცხოებული.
დედა ქართველია – ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, მზრუნველი, მშრომელი, მორწმუნე, შვილისთვის თავდადებული. მისი 10-წლიანი მძიმე ამერიკული ცხოვრების შედეგია ის, რომ შვილს არჩენდა და “საბუთები” გაიკეთეს.
შვილი კი ზედმეტად გათამამებული და თინეიჯერულ “სიფსიხეში” დაკარგული ახალგაზრდაა.
2-კვირიანი “პადრაბოტკის” შემდეგ, დედა ბრუნდება “დეი ოფ”-ზე და აბაზანაში ხვდება “გაამერიკელებული”, ერთ ქართულ სოფელში გაზრდილი შვილი ბოიფრენდთან ერთად.
იქ რაც მოხდა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ყველაფერი, ” შოკირებული” ქართველი დედა…
ამერიკელი ბოიფრენდი რეკავს პოლიციაში, მოდის პოლიცია. შვილი, BF-სთან ერთად, აძლევს ჩვენებას, იმაზე მეტს, ვიდრე იყო, ამატებენ იმასაც, რომ დედა მუდმივად ძალადობს შვილზე, კეტავს სახლში… ეს ბოიფრენდის რჩევაა. უფრო მეტად დასჯიანო…
მოკლედ, ამ საქმის სამართლებრივ დეტალებს არ ვიხილავ, მივხედავთ! ძალიან შემაწუხა მორალურმა მხარემ და გიზიარებთ ამ ამბავს.
კითხვა ასეთია, რა სჯობია, იცხოვრო გაჭირვებაში იქ სადაც ხარ, იმ წესებით, რასაც აღიარებ და შვილი გაზარდო შენ თვითონ ისე, როგორც გინდა, თუ “ფუფუნებაში” შვილი დაკარგო, გაუცხოვდე მისგან და მისგან დაფასებული ციხეში აღმოჩნდე.
P.S. ვისაც ეს არ გეხებათ, მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება და ნუ დაიგესლებით, ემიგრაციაში წასვლამდე გაითვალისწინეთ ინტერესთა კონფლიქტი და რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის…“ – წერს გია ხუროშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები