„ექსპო ჯორჯიაში“განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება

23-24 თებერვალს, გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენა – International Education Fair Georgia 2018 გაიმართება. გამოფენა გაიხსნება   23 თებერვალს, 12:00 საათზე, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“  მე–11 პავილიონში.
როგორც „კვირას“ „ექსპო ჯორჯიადან“ აცნობეს, IEFG 2018-ზე წარმოდგენილი იქნება 70-ზე მეტი მონაწილე 14 ქვეყნიდან. საბაკალავრო, პროფესიული, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, ერთ სივრცეში ნახონ, შეაფასონ და შეადარონ საგანმანათლებლო პროგრამები, გაიგონ უფრო მეტი კონტენტის, დაფინანსების წყაროების/შესაძლებლობების და გაცვლითი პროგრამების შესახებ.
მონაწილე ქვეყნები: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, შვეიცარია.
International Education Fair Georgia გახდა საქართველოს ძირითადი საგანმანათლებლო გამოფენა, სადაც ათასობით სერიოზული და მოტივირებული სტუდენტი და მათი ოჯახები ხვდებიან განათლების პრესტიჟულ პროვაიდერებს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიება იზიდავს პერსპექტიულ სტუდენტებს, დაინტერესებულ მშობლებს, მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს, ასევე ამ სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიონალებს.
„ბაკალავრიატის სტუდენტების, ასპირანტებისა და სკოლის მოსწავლეების 25%-ზე მეტი საქართველოში ამჟამად ეძებს საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობას. სწორედ გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენა არის ის პლატფორმა, რომელიც ამ სფეროში, იძლევა ინფორმაციის მიღების იდეალურ საშუალებას“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
გამოფენის გახსნას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები