ირაკლი კობახიძე: ყველაფერი გაკეთდება, რომ  ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს –  შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება”,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას ე.წ. შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის პრივილეგიასთან ერთად, პასუხისმგებლობაა და ეს  როგორც ხელისუფლებამ, ასევე, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარია, პრევენციული ზომები პრობლემის გაჩენამდე იქნას მიღებული.

„ჩვენ, თავის დროზე, როცა მოგვენიჭა ვიზალიბერალიზაცია, განვაცხადეთ, რომ ეს იყო არა მხოლოდ პრივილეგია საქართველოსთვის, არამედ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც ხელისუფლებამ, ასევე, თითოეულმა მოქალაქემ, რომლებიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენთვის მთავარია, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ იქამდე, ვიდრე პრობლემა გაჩნდება. ჩვენ შესაბამისად ვმოქმედებთ. მთავრობამ მოიწვია შეკრება იმისთვის, რომ პრევენციული ზომები იყოს მიღებული და დაისახოს გეგმები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, თუმცა მუშაობა უნდა გაგრძელდეს . ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისათვის, გაკეთდება ყველაფერი. თუმცა, გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ამაში თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეგვიწყოს ხელი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მთავრობასთან კონსულტაციები გაგრძელდება და კონკრეტული გადაწყვეტილება ამის საფუძველზე იქნება მიღებული.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსულტაციები მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც იქნება საჭირო პრევენციისთვის, ყველაფერი გაკეთდება. სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება შევიდეს ცვლილებები, თუნდაც სისხლის სამართლებრივი მიმართულებით. კონკრეტულად, რა შეიძლება იყოს ეს, დაკონკრეტება ამ ეტაპზე რთულია. ჩვენ გვექნება კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები