ბრალდებულის დედა: ჩემ შვილს დავით როსტომაშვილი ციხეში სცემდა, სწორედ ამიტომ სცემა მანაც

მსახიობი დავით როსტომაშვილი ჩემ შვილს ციხეში სცემდა და მას სწორედ ამიტომ გაუსწორდა ფიზიკურად, – ამის შესახებ მსახიობ და იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბექა კირვალიძის დედამ, ლია ბეჟაშვილმა განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დედა ამ ჩვენებით მოსამართლის წინაშე წასდგა. ფაქტობრივად, დედის ამ ჩვენებამ, თავდასხმის თავდაპირველი მოტივი შეცვალა. თავდაპირველად მსახიობზე თავდასხმის მიზეზად ყაჩაღობა დასახელდა. კონკრეტულად, კი მას „საშინელ მევახშეობას“ აბრალებდნენ.
უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი “ფეისბუქზე” წერდა, _ “ერთ-ერთ იუმორისტს თავს დაესხნენ. არადა მევახშეა გაქანებული, ასი ოჯახი ჰყავს გამწარებული…”
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის დედამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მისი შვილის მიმართ წარდგენილი ბრალიდან ყაჩაღობის მოტივი ამოიღონ. დედის ჩვენების თანახმად, კირვალიძე როსტომაშვილის ცემას აღიარებს, თუმცა მოტივი იყო შურისძიება. ბრალდებულის დედის ინფორმაციით, დავით როსტომაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას, მის შვილს, რომელიც სასჯელს იხდიდა, ფიზიკურად უსწორდებოდა. ბექა კირვალიძე 2017 წლის 14 ივნისს, როსტომაშვილს სწორედ შურისძიების მოტივით დაესხა თავს და არავითარი ყაჩაღობის მიზანი მას არ ამოძრავებდა.

მსახიობ და იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე, დღეს სასამართლოში მსახიობის შვილი ქეთევან როსტომაშვილი დაიკითხა. მან სასამართლოს ჩვენება დახურულ სასამართლო სხდომაზე მისცა. ქეთევან როსტომაშვილმა 2017 წლის 14 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, როდესაც მამამისს თავს დაესხნენ. თავდასხმისას ის მამასთან ერთად იმყოფებოდა.
დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე პასუხისგებაში სამი პირი – ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯანოვია მიცემული. მათ ბრალად, დაყაჩაღების მიზნით, მსახიობზე თავდასხმა ედებათ.
რა თანამდებობას იკავებს დავით როსტომაშვილი? – ამ კითხვით „კვირა“ სასჯელაღსრულების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა კითხვა უპასუხოდ დარჩა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პერსონალური მონაცემები გასაიდუმლოებულია. ამასთან, არ იძებნება მსახიობ დავით როსტომაშვილის ქონებრივი დეკლარაციაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები