რუსთავის პირველ სკოლაში სიმშვიდეა

რუსთავის პირველ საჯარო სკოლაში სიმშვიდეა. სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სასწავლო დაწესებულების შენობაში, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ.
როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა გულთამზე შკუბულიანმა განუცხადა, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო – სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ინფორმაციის საფუძველზე, სკოლაში რაღაცას ეძებდნენ.
„ექვსი გაკვეთილის შემდეგ, დაახლოებით 14.00 საათიდან რამდენიმე წუთში, სკოლის შენობაში საპატრულო პოლიციისა და სახანძრო – სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ. როგორც გადმომცეს, ისინი სკოლაში 112-ში შესული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდნენ. მითხრეს, ხანძრის კერას ვეძებთო. რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მათ მალევე დატოვეს სკოლის შენობა. ამ წუთებში სკოლის შენობაში სიმშვიდეა და პედაგოგები სამუშაოს აგრძელებენ. მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა, რადგან იმ დროისათვის, სასწავლო პროცესი დასრულებული იყო. სკოლაში სწავლა მხოლოდ ერთ ცვლაში მიმდინარეობს“ – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა გულთამზე შკუბულიანმა.
ამასთან, როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ინფორმაცია, რომელიც 112-ში დაფიქსირდა, ცრუ განგაში აღმოჩნდა.
მათივე თქმით, 112-ში რუსთავის პირველ სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები