პროექტის „ვისწავლოთ ქართული“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის საკრებულოში პროექტის „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრმა რიმა ბერაძემ ის ახალგაზრდები დააჯილდოვეს, რომელთაც ქართული ენის შემსწავლელი კურსები წარმატებით დაასრულეს.

პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ რიმა ბერაძისა და საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, 2017 წლიდან „თბილისის მეგობრობის სახლში“ პერმანენტულად მიმდინარეობს. პროექტი მიზნად სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის არაქართველი მოსახლეობისთვის ქართული ენის საფუძვლიანად შესწავლას ისახავს.

ეროვნული უმცირესობების საბჭო და „თბილისის მეგობრობის სახლი“ პროექტს საპრეზიდენტო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ხოლო ქართულ ენას ეროვნებით სომეხ, რუს, აზერბაიჯანელ, ლიტველ, ბელორუს, ლატვიელ და  იეზიდ მოქალაქეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიან.  სწავლება ორსაფეხურიანია და თითოეული სამ თვეს გრძელდება. ამ დრომდე პროექტით სულ 130-მდე ადამიანმა ისარგებლა, მათგან კურსები წარჩინებით 100-მა მსმენელმა დაასრულა.

რიმა ბერაძის განცხადებით, პროექტი თავისი შინაარსით დიდი მნიშვნელობის მატარებელია და სასიხარულოა, რომ მისდამი ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება.

„როდესაც საკრებულოში ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო შევქმენით და ამ კუთხით მუშაობა დავიწყეთ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ერთ-ერთ პრობლემად ენობრივ ბარიერს ასახელებდნენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დავიწყეთ  პროექტი, რომელიც დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვიმედოვნებთ, ქართული ენის საფუძვლიანი შესწავლა დაეხმარება ჩვენს არაქართველ მოსახლეობას მეტად შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება ჩვენს საზოგადოებაში –  ჩვენივე ქვეყნის საკეთილდღეოდ“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ კურსდამთავრებულებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და პროექტის ინიციატორებს ქართული ენის გავრცელების საქმეში მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პრეზიდენტის აპარატისა და „თბილისის მეგობრობის სახლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები