პარლამენტმა საქართველოს კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ხარვეზების შესახებ კვლევა წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ხარვეზების შესახებ ყოვლისმომცველი კვლევა წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისობა გენდერული თანასწორობის პრინციპებთან და მოყვანილია რეკომენდაციები კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გასატარებელი რეფორმების შესახებ, რომელთა მიზანია გენდერული და სექსუალური ძალადობის აღმოფხვრა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდა.
საბაზისო კვლევაში „გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები“ შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცხრა სფერო. კვლევა ჩაატარა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, ხოლო მისი ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) ინიციატივის ფარგლებში. კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების წარდგენა შედგა 2018 წლის 30 იანვარს გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია გახსნა თამარ ჩუგოშვილმა – საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მარტინა ქუიქმა – შვედეთის ელჩმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა – საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, და ნილს სკოტმა – გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში. „ჩატარებული კვლევა ჩვენი პირველი მცდელობაა, გამოვკვეთოთ სხვადასხვა სფეროში არსებული გენდერული გამოწვევების ამომწურავი სურათი და კონკრეტული რეკომენდაციები შევთავაზოთ პოლიტიკის შემქმნელებს. გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და უფლებადამცველებისათვის ეს კვლევა ერთგვარი საგზაო რუკაა, რომელიც გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად საჭირო ნაბიჯებს განსაზღვრავს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული კვლევა ეყრდნობა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წინა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს. მასში ასევე გამოყენებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩატარებული ინტერვიუების შედეგად მიღებული ინფორმაცია. მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა გენდერული თანასწორობის ხარვეზები კანონმდებლობასა და პოლიტიკაში და შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც შემდეგ ცხრა სფეროს მოიცავს: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაგძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობა, შრომითი ურთიერთობები, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა და მშვიდობა და უსაფრთხოება. კვლევის ძირითადი რეკომენდაციები ეხება საქართველოს კანონმდებლობის გადასინჯვას, მათ შორისაა: დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონი, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი, სისხლის სამართლის კოდექსი, საარჩევნო კოდექსი, შრომის კოდექსი და სახალხო დამცველის შესახებ კანონი. რეკომენდაციები პოლიტიკის შექმნის სფეროში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გენდერული თანასწორობის ხარვეზების აღმოფხვრას განათლებაში, სპორტში, კულტურაში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებში და ქალთა და გოგონათა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვაში. რეკომენდაციების მთავარი ადრესატები გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები არიან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და საქართველოს მთავრობასთან არსებული უწყებათაშორისი კომისია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. „გენდერული თანასწორობის მისაღწევად მხოლოდ კანონმდებლობა და პოლიტიკა არ კმარა. მაგრამ მათი გადახედვა კონსტრუქციული ნაბიჯია ქალთა და კაცთა შორის რეალური თანასწორობის მიღწევისა და ქალთა სისტემური დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზაზე. იმედი მაქვს, რომ კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები საფუძველს დაუდებს ქმედითი ზომების გატარებას სექსუალური ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე ვიმედოვნებ, რომ კვლევის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქართველო შემოიღებს სავალდებულო გენდერულ კვოტირებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად“, – განაცხადა ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში.
კვლევის წარდგენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა გენდერული თანასწორობის ახალ ეროვნულ კონცეფციაზე, რომლის შედგენა სწორედ კვლევის შედეგებზე და USAID/PROLoG-ის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით განხორციელდა. გენდერული თანასწორობის პირველი კონცეფცია 2006 წელს დამტკიცდა და მას შემდეგ აღარ გადასინჯულა. საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი კონცეფციის დამტკიცება დაგეგმილია 2018 წლის გაზაფხულზე. “ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას. ჩვენი პრიორიტეტებია გენდერული და სექსუალური ძალადობის აღმოფხვრა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. ვამაყობთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, დახმარება გავუწიოთ საქართველოს მთავრობას გენდერული უთანასწორობის შემცირებაში საკანონმდებლო რეფორმებისა და ეროვნული კონცეფციის განახლების გზით,“ – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ. გენდერული თანასწორობის საბჭომ ასევე წარადგინა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებს გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები